სასარგებლო ინფორმაცია

პირადი ნომერი შესაძლებელია მიენიჭოს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს. ამისთვის მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია. პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში დაინტერესებულ პირს ექნება გრანტის/დაფინანსების მიღების შესაძლებლობა.

შენიშვნა: აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი, გრანტის მისაღებად არ ესაჭიროება პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა.

ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებად მიიჩნევიან 1992 წლის 31 დეკემბრამდე აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები და მათი შთამომავლები.

პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, სსიპ – იუსტიციის სახლს ან საზოგადოებრივ ცენტრს. განცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით.

სახლიდან გაუსვლელად პირადი ნომრის მინიჭებისათვის რეგისტრაციის გასავლელად სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე უნდა შეავსოთ ელექტრონული განცხადება, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომელს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გადადით ბმულზე: https://sda.gov.ge/?page_id=15534

დაინტერესებულ პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს სსიპ − შემოსავლების სამსახური, თუმცა, სპეციალური საწარმოს სტატუსის მიღებამდე მას უნდა ჰქონდეს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ნებართვა, რომელსაც ასევე გასცემს შემოსავლების სამსახური.

აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალურ თანხმობას სსიპ შემოსავლების სამსახური გასცემს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურს  განცხადება  წარედგინება  მატერიალური  ან  ელექტრონული ფორმით.

ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების თაობაზე ელექტრონული განცხადების წარსადგენად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=707

ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მიღების შემდგომ სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) კვლავ მიმართავს  შემოსავლების სამსახურს.

საწარმოო სტატუსის მინიჭების თაობაზე ელექტრონული განცხადების წარსადგენად გთხოვთ გადადით ბმულზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=708

სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირზე გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კანომდებლობით გათვალისწინებული შეღავათები.